ილიას ღვაწლი

ეროვნული ინტერესები აიძულებდა ილიას, ისტორიკოსის ფუნქციები ეკისრა: მატიანეებს უღრმავდებოდა, იძიებდა, იკვლევდა და საქართველოს ღირსების შემლახველებს, ისტორიის ფალსიფიკატორებს ღირსეულ პასუხს სცემდა. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი წერილების ციკლი „აი, ისტორია“ და „ქვათა ღაღადი“. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მიმდინარე ცხოვრების ამსახველ „შინაურ მიმოხილვებსაც“ - „ივერიის“ საპროგრამო წერილებს, რომელთაც ილია მიზნად უსახავდა „ჩვენის დაცემულის ვინაობის აღდგენას, ფეხზედ დაყენებას და დაცვას ყოველის მოსალოდნელის ფათერაკისაგან“.
დიდი ქართველი მოღვაწე ხშირად იმეორებდა: „რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო“. იგი ზრუნავდა ენის სიწმინდისათვის, იბრძოდა მისი უფლებების დასაცავად სკოლებში. 1881 წელს, როცა კავკასიის სასწავლო ოლქის უმაღლესმა ხელისუფლებამ გადაწყვიტეს ქართული ენის გაძევება სკოლებიდან, მან სტატიაში „ბ-ნ იანოვსკის წერილისა გამო“ დაასაბუთა, რომ „უდედა-ენოდ გონების გახსნა ბავშვისა ყოვლად შეუძლებელია, მაშინ სკოლა გონების გახსნის სახსარი კი არ არის... გონების დახშვისაა, დათრგუნვისაა“... ამ გმოსვლამ შედეგიც გამოიღო. ის მინიმალური უფლებები, რომლებიც ქართულ ენას შეუნარჩუნდა სკოლებში, სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად ილიას ბრძოლის შედეგი იყო.
ილიამ ჩაუდგა სული ბევრ ეროვნულ საქმესაც: მან დააარსა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ძველ ქართულ ხელნაწერთა და სიძველეთა საცავი, საფუძველი დაუდო ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშთა შეგროვებას. ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი ქართული საადგილმამულო ბანკის დაარსებისა.
ჯერ კიდევ თავისი მოღვაწეობის დასაწყისში განაცხადა ილია მართალმა: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“ მას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლთა რიგებშიც ვხედავთ: 1905 წლის ოქტომბერში დასწრებია წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის სასწავლებლის შენობაში გამართულ სამღვდელოების კრების, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტონომიის საკითხს მიეძღვნა, მეთაურობდა საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფს, რომელმაც კავკასიის მეფისნაცვალს მიმართა თხოვნით, მხარი დაეჭირა ქართველთა ბრძოლისათვის ავტოკეფალიის დასაბრუნებლად.
ილიას მოღვაწეობა იმდენად აღიზიანებდა და აშინებდა ეკლესიისა და ყოველგვარი ეროვნულობის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი სატანური მოძღვრების გზააბნეულ მიმდევრებს, რომ ილიას ფიზიკურად მოსპობა განიზრახეს...
კავკასიის სამხედრო სასამართლომ ილიას მკვლელებს ჩამოხრჩობა მიუსაჯა. თბილისის გენერალ-გუბერნატორს მკვლელების შეწყნარების თხოვნით მიმართა თვით ილიას ქვრივმა ოლღა გურამიშვილმა: „მე ღრმად მწამს, დღეს რომ ჩემი ქმარი ცოცხალი იყოს, შეუნდობდა მათ, რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს იგი და თავის უბედურ, გზააბნეულ ძმებად მიიჩნევდა... მე თითქოს მხოლოდ იმისთვის დავრჩი ამსოფლად, რათა დავაბოლოო ის ღვაწლი კაცთა მიმართ მხურვალე სიყვარულისა, რომელსაც ჩემმა ქმარმა მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა - შეუნდო იმ უბედურ, გზააბნეულ მოყვასთ, რომელთავ თვით ის შეუნდობდა. ჩემი დღეები დათვლილია, ამჟამად თქვენგანაა დამოკიდებული მოიქცეთ ისე, რომ სიცოცხლის აღსასრულის ჟამს ვიგრძნო უმაღლესი ნეტარება, რომელსაც ადამიანის სულს ძალუძს მიაღწიოს ამ წუთისოფელში - შეერთება ღმერთთან, რომელიც განიცადა ქრისტემ, როცა ჯვარზე განრთხმული, სიკვდილის ჟამს, ღვთიური სიყვარულის შუქით განათლებული, ევედრებოდა შემოქმედს შენდობას იმ მტრებისას, „რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.
ილიამ კი სიცოცხლეშივე შეუნდო თავის მკვლელებს ცნობილი ლექსით „ლოცვა“:
„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა;
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა, ამით შეურაცხვყო მე ლოცვა წმიდა…
არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: „შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“
1987 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა განიხილა ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე და განაჩინა: „ილია ჭავჭავაძე შერაცხილ იქნას წმიდანად და ეწოდოს მას ილია მართალი“.

1 comment:

  1. „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,

    მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა;

    არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,

    არ მინდა, ამით შეურაცხვყო მე ლოცვა წმიდა…

    არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული,

    შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,

    რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,

    გთხოვდე: „შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“

    ReplyDelete